“ბათუმელების” ცნობით, დეპუტატი ვახტანგ თურნავა ძვირადღირებულ აქსესუარებში იხდის იმაზე მეტს, ვიდრე საჯარო სამსახურში, მაგალითად ბათუმის მერიაში, ერთი რიგითი სპეციალისტის მთელი წლის ხელფასია.
მაგალითად, ბათუმის მერიაში მესამე კატეგორიის სპეციალისტის ხელფასი იზრდება და მომავალ წელს 3560 ლარი იქნება, ის წლის განმავლობაში ხელფასის სახით 30 720 ლარს მიიღებს.
პარლამენტარმა ვახტანგ თურნავამ ერთ მაჯის საათში [Audemars PiguetRoyal Oak Chronograph] 47 312 ევრო გადაიხადა 2023 წელს. ეს 130 000 ლარზე მეტია იმ დროის კურსით. თუმცა, ვახტანგ თურნავა ამ დროს დეპუტატი არ იყო.
2023 წელს მას კიდევ ერთი საათი – „Rolex Datejust 41“ შეუძენია, რაშიც 10 346 ევრო გადაუხდია. ამავე წელს მას სხვა ბევრად მნიშვნელოვანი ხარჯიც ჰქონდა – 200 000 დოლარი ბიტკოინების შესაძენად დაუხარჯია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დეპუტატმა 2025 წლის თებერვალში შეავსო, მის კოლექციაში კიდევ რამდენიმე როლექსის საათია, 2022 წელს მას „Rolex Cosmograph Daytona“ – შეუძენია, ამ საათში 44 502 ევრო აქვს გადახდილი.
მის კოლექციაშია ასევე 2021 წელს 25 767 ევროდ შეძენილი „Rolex Yacht-Master 4“, 2022 წელს 19 900 ევროდ შეძენილი „Rolex GMT-Master I“ და 16428 ევროდ შეძენილი „Rolex Datejust 41“.
2019 წელს კი მას 13436 ევროდ „Rolex Milgauss“ შეუძენია.
„ოცნების“ საპარლამენტო სიაში მოხვედრამდე 37 წლის ვახტანგ თურნავა ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა, თუმცა მისვე დეკლარაციის მიხედვით, ამ კომპანიებიდან 2024 წელს მას შემოსავალი მიღებული არ აქვს.
2023-2024 წლებში ვახტანგ თურნავას რამდენიმე ათასი ევრო სესხადაც გაუცია.
მისივე დეკლარაციის მიხედვით, დეპოზიტზე 430 000 ევრო აქვს, როგორც დანაზოგი. დეკლარაციის შევსების მომენტისთვის საქართველოს ბანკის დეპოზიტზე მას 220 000 ლარი, 75 650 ევრო და 16 245 დოლარი ერიცხებოდა.

































































