„ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმშია. სტრატეგიულ საკითხებს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს, ოპერატიულს _ ძალოვანი უწყება, კერძოდ, სუსი. ასეთი მმართველობითი სისტემა ქვეყანას კარგს არაფერს მოიტანს. დღეს “ქართული ოცნების“ ეროზიის, გაცვეთის პროცესი მიმდინარეობს, რაც ხელისუფლების შეცვლით დასრულდება“,_ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ “რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ზურაბიშვილმა.
ჩვენ დავინტერესდით, როგორ ფიქრობს, რამ გამოიწვია დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანული მხარის გააქტიურება და ვითარების ესკალაცია. ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაფუჭებას ხელს პრეზიდენტი უწყობს.
“აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სიტუაციის აჭრა დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლამ და ეკლესიის ფონზე, სადავო ტერიტორიაზე მის მიერ დემარკაციის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია, რასაც პრეზიდენტის გამოხტომა შემიძლია ვუწოდო. აღნიშნული, ბუნებრივია, აზერბაიჯანის მხრიდან პირდაპირ ტერიტორიების მიტაცების მცდელობად იქნებოდა აღქმული.
ამის შემდეგ, სახელმწიფო სტრუქტურებს აზერბაიჯანული მხარისთვის კარგახანს დასჭირდათ იმის მტკიცება, რომ პრეზიდენტი თავისას უბერავს. ასეთი პრეზიდენტი დაგვინიშნეს, ხალხმა რა დავაშავეთ“, _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილს “ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ საკადრო პოლიტიკაზეც ვკითხეთ. მისი თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნულის განხორციელება მმართველი პარტიისთვის უარესი შედეგის მომტანი იქნება.
“საკადრო ცვლილებები თუ განხორციელდება უარესი იქნება, თუ დინამიკას შევხედავთ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, „ქართული ოცნების“ მდგომარეობა და მისი საკადრო პოლიტიკა უარესდება, ამიტომ საკადრო პოლიტიკის განხორციელებას არანაირი მნიშვნელობა აქვს“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.