G_News TV-ის ყოველდღიურ დებატებში დღეს ერთმანეთს „შენების მოძრაობის“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი გოჩა მეგრელიშვილი და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა დაუპირისპირდნენ. გადაცემის მსვლელობისას, გოჩა მეგრელიშვილმა ირაკლი კუჭავას ბრალი დასდო, რომლის თანახმადაც, მმართველის პარტიის მერობის კანდიდატი, პარტიული სიის მეხუთე ნომერს, დავით შარაშიძეს მის შვილთან ურთიერთობას უკრძალავს:
_ შენ დაიბარე დავით შარაშიძე და უთხარი, რომ ჩემს შვილთან, გიორგი მეგრელიშვილთან, რომლის შვილიც ნათლიაცაა არჩევნებამდე არ იმეგობროს. აი, ასეთ მეთოდებს მიმართავ შენ და უნდა გრცხვენოდეს ამის, _ მიმართა კუჭავას მეგრელიშვილმა, რაზეც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ის ცრუობდა:
_ იტყვილები. მსგავსი საუბარი არ ყოფილა და ეს შემიძლია შარაშიძესთან ერთადაც გითხრა. ის ვერ იტყვის, რომ მე მსგავსი რამ ვუთხარი, _ უპასუხა კუჭავამ.
„გურია ნიუსმა“ აღნიშნული გადაცემის დასრულებისთანავე გადაამოწმა. დავით შარაშიძემ დაგვიდასტურა, რომ ასეთი საუბარი შედგა, თუმცა იმ პირის ვინაობას, ვინც ეს უთხრა არ ასახელებს:
_ ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, თუმცა იმას დაგიდასტურებთ, რომ შედგა ასეთი საუბარი და მითხრეს, რომ გიორგი მეგრელიშვილთან ურთიერთობაზე არჩევნებამდე თავი შემეკავებინა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით შარაშიძემ.
გოჩა მეგრელიშვილის და ირაკლი კუჭავას ხმაურიანი და დაძაბული დებატები ჩვენს ვებგვერდზე 11 საათზე გამოქვეყნდება.