ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომრავლებულ გარეულ მტაცებელ ცხოველებს შორის, ყველაზე დიდი ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს მგელი, რომელიც ანადგურებს არა მარტო მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, არამედ ოჯახის ძაღლების მოტაცების ფაქტებიც დაფიქსირდა.
გუშინ, 19 თებერვალს, სოფელ ბაილეთის მიდამოებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მგელზე მონადირე სპეციალურმა ჯგუფმა მოახდინა ერთი მგლის ლიკვიდაცია. მანამდე, 10-12 თებერვალს, იმავე ჯგუფმა ჩალიან-მოლიანის ტერიტორიაზე ორი მგელი მოკლა.
ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მონადირე,სოფელ კონჭკათის მკვიდრი შოთა ზოიძე.
როგორც ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატანებელი ფერმერი, გამოცდილი მონადირე ნიკოლოზ გობრონიძე გვეუბნება, დღეს, 20 თებერვალს, საღამოს ჩალიანის დასახლებაში, მდინარე ჩოლოქის პირზე დაფიქსირდა მგლის ადამიანებზე თავდასხმის მცდელობის ფაქტი. როგორც ბატონი ნიკოლოზი ამბობს, ასეთი ფაქტი ბოლო წლებში არ ყოფილა და ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მგლის ასეთი აგრესიულობა გამოწვეული იყოს რაიმე დაავადებით.