ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ლომთათიძე მეგობრებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლის. გიორგის შესახებ ამავე სკოლის პედაგოგმა მარი ჩხიკვიშვილმა გვითხრა.
“გიორგი მერვე კლასის მოსწავლეა და ნამდვილად კარგ საქმეს აკეთებს. ვცდილობთ, მის წამოწყებას ხელი შევუწყოთ“, _ გვითხრა მარი ჩხიკვიშვილმა.
“გურია ნიუსი“ გიორგი ლომთათიძეს და მის გუნდს შეხვდა. როგორც გავიგე ცოტა ხანში ამ გუნდის სახელი “მარგალიტი“ იქნება.
“მე ვარ გიორგი ლომთათიძე, 12 წლის. ვსწავლობ დვაბზუს საჯარო სკოლაში. ამავდროულად, ვარ დვაბზუს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სტიქაროსანი და ასევე, ვგალობ. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ვსწავლობ ქართულ ხალხურ სიმღერებს (მასწავლებელი ლაშა ჩხარტიშვილი) და საგალობლებს (ვასო ცეცხლაძე)“, _ გვითხრა გიორგი ლომთათიძემ.
გიორგის ინიციატივით რამდენიმე ბავშვი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში დადის.
გიორგი ლომთათიძე: “როდესაც დავიწყე ხალხური სიმღერების და საგალობლების სწავლა, შემდეგ მომივიდა აზრად, რომ ჩემი მეგობრებისთვის გამეზიარებინა, რაც ვიცოდი. სხვათაშორის, რამდენიმე მათგანი ახლა ფოლკლორის ცენტრში დადის, მე მივიყვანე და ძალიან მიხარია. სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სიმღერას ვასწავლი ბარბარე ხავთასს, თეიმურაზ ჟღენტს, მარი ჟღენტს, ლიზი ლომთათიძეს და ერეკლე წიტაიშვილს. იმედია, მსურველები გამოჩნდებიან და უფრო მეტი ბევრი ვიქნებით“.
გიორგი და მის მეგობრებს ამ ეტაპზე დამუშავებული აქვთ სიმღერები: “დილა“ (ორი ვერსია), “სისონა დარჩია“, “ბაღია ჩვენი ქვეყანა“ და ახლა “ალილოს“ სწავლობენ.
“გურია ნიუსისთვის“ გიორგი ლომთათიძემ და მისმა მეგობრებმა ვარლამ სიმონიშვილის “დილა“ შეასრულეს.