7 ოქტომბერს, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ოზურგეთელი „არწივები“ კალენდარულ მატჩში შეხვდნენ კიკეთის იუნკერებს.
როგორც სარაგბო კლუბის „არწივების“ ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე ამბობს, მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა:
„მთელი ორი ტაიმის განმავლობაში, უპირატესობას ფლობდნენ ჩვენი მორაგბეები. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს აკლდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, პირველივე წუთიდან მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე არ გაუშვიათ ხელიდან და მოიპოვეს დამსახურებული გამარჯვება _ ანგარიშით 23-14“.
კალანდაძის თქმით, მომდევნო მატჩს „არწივები“ 22 ოქტომბერს საკუთარ არენაზე გამართავენ, გათამაშების ლიდერთან _ პატარძეულის „ვეფხვებთან“.
„სიტუაციიდან გამომდინარე, გუნდი მხოლოდ ერთი მიზნისთვის, გამარჯვებისთვის იბრძოლებს. დღეის მდგომარეობით, ოზურგეთის არწივები სატურნირო ცხრილის მე-4 ადგილს იკავებენ“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას თენგიზ კალანდაძემ.