მოსწავლეთა სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე, ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე, გიორგი მეგრელიძე, ორი დღის წინ, რეიტინგული ცხრილის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე ტურში გადავიდა და მთელ საქართველოში, იმ ათას მოსწავლეს შორის უპირველესია, ვინც განსაკუთრებით მაღალი შედეგი აჩვენა ყველა საგანში: ინგლისურ ენაში გიორგიმ 40-დან 40 ქულა აიღო, ფიზიკაში _ 25-დან 21 ქულა, მათემატიკაში _ 20-დან 18 ქულა და ბიოლოგიაში 25-დან 17.
_ მხოლოდ კომაროვის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ, ფიზიკა-მათემატიკურ საგნებში ასეთი წარმატების მიღწევა. თუმცა, ეს საოცარი ბიჭი, ყველა საგანში ერთნაირად უძლიერესია, _ ამბობენ პირველი საჯარო სკოლის დირექციაში.
მეგობრები კი სიყვარულით საუბრობენ გიორგის წარმატებებსა და მის გამორჩეულ პუნქტუალურ თვისებებზე:
_ საოცრად მორიდებული და თავმდაბალი ადამიანია. ფეისბუქგვერდიც კი არ აქვს, რომ დრო არ დაკარგოს. იმდენი ჯილდო აქვს მიღებული წარმატებული სწავლისთვის, მარტო კომპიუტერები და სხვა მსგავსი ჯილდოები რომ გამოფინოს, ტექნიკის მაღაზია გაიხსნება, _ ხუმრობენ ისინი.
„გურია ნიუსი“ გიორგი მეგრელიძეს დაუკავშირდა:
_ მოსწავლეთა სასწავლო შემოქმედებითი ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ, შემოდგომაზე იმართება. ახლა გამოქვეყნდა სარეიტინგო ცხრილი და გავიგე, რომ მეორე ტურში გადავედი, რომელიც იანვარში ჩატარდება. შემდეგ კი მესამე ტური იქნება და საბოლოოდ, გამარჯვებული გამოვლინდება… ფეისბუკი არ მაქვს. მიმაჩნია, რომ სწავლაში დროს წამართმევს, _ გვითხრა მან.
მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მეგრელიძე გასულ წელს „ეტალონის“ გამარჯვებულიც გახდა, ახლა კი წინ უფრო დიდი გამარჯვებებისკენ მიიწევს.
„გურია ნიუსი“ წარმატებებს უსურვებს უნიჭიერეს ახალგაზრდას.