ოზურგეთის საფეხბურთო კლუბი „მერცხალი“ 1925 წელს დაარსდა.
ისტორიული ჩანაწერების თანახმად, ამჟამინდელი სტადიონის („მეგობრობა“) ტერიტორიაზე დაიხაზა მოედანი, მოეწყო კარი და ჩატარდა პირველი მატჩი ფეხბურთელებსა და ტანმოვარჯიშეებს შორის.
რესპუბლიკურ გათამაშებაში გუნდი 1936 წლიდან ჩაება.
1938 წელს მან მეორე ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს სსრ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა.
1939 წელს კლუბმა პირველი კატეგორია მიიღო. საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ: გ. მელიქიშვილი, გ. მათითაიშვილი, შ. სალუქვაძე, დ. ჩხაიძე, გ. და კ. თოხაძეები. 1938-46 წლებში გუნდი მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით გამოდიოდა. 1946 წელს ეს გუნდი საქართველოს პირველობაზე მესამე ადგილზე გავიდა.
1946-47 წლებში გუნდს „დინამო“ ერქვა. 1947-54 წლებში გუნდი კვლავ მახარაძის რაიონის ნაკრების სახელით ასპარეზობდა.
1954-59 წლებში კლუბს „კოლმეურნე“ ეწოდებოდა. „კოლმეურნე“ 1958 წელს საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა, 1959 წელს კი საქართველოს სსრ რესპუბლიკური თასის გამარჯვებული გახდა მას შემდეგ, რაც ფინალურ შეხვედრაში თბილისის „დინამო“ დაამარცხა. გუნდმა თასის მოპოვება ზედიზედ მეორედ შესძლო 1960 წელს.
ამჯერად, მათ ლანჩხუთის „გურია“ დაამარცხეს 4-0. ამავე წელს დაიკავა მესამე ადგილი ჩემპიონატში.
1960 წლის სეზონში ის „სიხარულის“ სახელით ასპარეზობდა. 1961 წლიდან კი დღევანდელი სახელი „მერცხალი“ ეწოდა.
„მერცხალმა“ 1964 და 1966 წლებში კვლავ დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სსრ ჩემპიონატში, 1967 წელს კი ამ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. გუნდს ხელმძღვანელობდნენ ო. კიშინსკი, კ. გოგელია, მ. გორდელაძე.
60-იან წლებს დიდი მერცხალის ხანასაც უწოდებენ. „მერცხალის„ წარმატებებს გულშემატკივართა მოზღვავება მოჰყვა, რის გამოც 1968 წელს გაფართოვდა ცენტრალური სტადიონი, აიგო ტრიბუნები 10 000 კაცზე, დამონტაჟდა ელექტროტაბლო.
990-1991 წლებში მერცხალის შემადგენლობაში თამაშობდა შემდგომში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე _ ირაკლი ზოიძე.
1993-1995 წლებში გუნდს სახელი შეეცვალა და „ანაკო“ ეწოდა. 1995 წლიდან მას ძველი სახელწოდება დაუბრუნდა.