ოზურგეთის #60 საოლქო სარჩევნო კომისია მხოლოდ არჩევნების მომდევნო კვირაში გამოიყენებს სპორტის სასახლის სივრცეს.
ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, “გურია ნიუსი” ესაუბრა ოზურგეთის #60 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბერდია ლომიძეს.
საკითხი ეხება საარჩევნო კომისიის სპორტის სასახლეში დროებით გადასვლას.
_ ჩვენ არსად არ გადავდივართ. ვიქნებით, სადაც ვართ. გეტყვით რატომ გადავინაცვლებთ 2 ოქტომბრის არჩევნებიდან, ერთი კვირის ვადაში, ოზურგეთის სპორტის სასახლეში. კომისია ისარგებლებს სპორტის სასახლით იმიტომ, რომ გაჩნდა დიდი სივრცის აუცილებლობა. ამისთვის ჩვენ თხოვნით მივმართეთ ოზურგეთს მუნიციპალიტეტის მერიას და დაგვრთო ნება. მოგეხსენებათ, სულ 62 საარჩევნო უბანი გვაქვს. შემოღებულია წესი, რომლის თანახმად, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საოლქო კომისია ვალდებულია, შემთხვევითობის გადათვლის პრინციპით, წილისყრით გამოავლინოს ხუთი უბანი. ეს ხმები რომ გადაითვალოს, აუცილებელია დიდი სივრცე, რადგან დაესწრება ბევრი მედიასაშუალება. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, ასე მოვქცეულიყავით, თორემ ჩვე არსად არ გადავდივართ. ეს ყველაფერი კი მეტი გამჭვირვალობისთვის კეთდება, _ გვითხრა ბერდია ლომიძემ.
მან დააკონკრეტა, რომ ე.წ. ლოტოდრონის პრინციპით გადათვლა მოხდება შემდეგნაირად: რაკი 62 უბანია, ამდენივე ბურთულა ჩაიყრება.
_ 62 ბურთულიდან ამოვიღებთ ხუთს და რომელი ნომერი უბნებიც იქნება, გადაითვლება იმ უბნების ხმები, _ გვითხრა მან.
[sexy_author_bio]