დღეს, დილაადრიან, ოზურგეთში ერთი კილოგრამი ყველი 14 ლარი ღირს, ასევე, ერთი კილოგრამი ნედლი ქინძი 17 ლარი ღირს, ხოლო ერთ კილოგრამ თხილს ორ ლარად იბარებენ. ცოტას იხეირებს „ბერძნულა“ თხილის პატრონი- თუ გატეხვის შედეგად, ათიდან შვიდი ცალი მაინც საღი იქნება, ერთ ცალში 40 თეთრს გადაუხდიან, ანუ ერთ კილოგრამში _ 2,80 ლარს.
_ ყველი 14 ლარი ღირს, ქინძი _ 17 ლარი, თხილი _ 2 ლარი..„ბრავო“ ცხოვრება, _ ირონიულად ხუმრობენ ცარიელი (ან სავსე) ტომრებით სახლისკენ მიმავალი გურულები _ ზოგი არ აბარებს თხილს, როგორც თავად ამბობენ, „ნიორთანაქურჩალად“ და შინ მიაქვს.
_არა, ბატონო, ხალხის ბრალიც ბევრია. ქინძი რანაირად ვერ უნდა დათესო და გვალვა რატომ უნდა მოიყვანო მიზეზად? გურიაში მაინც არ დაილევა საამისოდ წყალი და მიწა. ცოტა მეტი თავის შეწუხება უნდა, _ საუბრობენ ბაზრის სივრცეში მოსიარულე ადამიანები.
ყველს რაც შეეხება, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ფასი, თითქმის, ყოველდღე ერთი ლარით იზრდება.
_ ახლა პირუტყვი მთაში ჰყავთ გარეკილი, საძოვრებზე. ამ დროს ისედაც იკლებს წველადობა. ასევე, ბევრია დამსვენებელი, რომელიც რძის ნაწარმზე არ ევაჭრება გამყიდველს და ფასიც, შესაბამისად, მატულობს, – ამბობენ ადგილობრივები.
ავტორი