სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ოზურგეთის ლაბორატორიაში ადგილობრივი მოსახლეობა საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას მიიღებს. ამის შესახებ ოზურგეთის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
ინფორმაციისთვის, შეხვედრაზე ოზურგეთის რეგიონულ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაოები და სასმელი წყლის დიაგნოსტიკის მიმართულებით დანერგილი კვლევის ახალი მეთოდები განიხილეს. საუბარი შეეხო ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხს და სამომავლო გეგმებს.
„ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორია ლაბორატორიების სერვისები რეგიონებში, რა კვლევები გვაქვს დანერგილი და რამდენად არის ეს კვლევები შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებთან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნით, გაიზარდა წყლის მონიტორინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასმელი წყლის ხარისხის კონტროლისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ვეტერინარიის მიმართულება, აქაც აქტიურად მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.
გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძის განცხადებით, ოზურგეთის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების თანამედროვე ტექნიკით, საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება მიიღონ.