ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია – „საქართველოს სამსახურში ვიცრებით ერთმანეთისთვის“ მარათონი გრძელდება.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნციპალიტეტებში ქეთევან მოისწრაფეშვილი და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის ამბულატორიებში იმყოფებოდნენ, შეხვდნენ სოფლის ექიმებს და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტში 60 წელს ზემოთ გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებში უზრუნველყოფენ ოჯახის ექიმები, რაც შესაძლებლობას აძლევთ ამ მოქალაქეებს სოფლიდან გაუსვლელად აიცრან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით.
მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია სოფლის ამბულატორიებში წინასწარი რეგისტრაცის გარეშე არის შესაძლებელი. აღნიშნული ამბულატორიები აღჭურვილია იმუნიზაციისთვის საჭირო ყველა ინვენტარით.
აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციის ცენტრებში აცრის მსურველთა რაოდენობამ იმატა, განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ გადაცილებულ მოქალაქეებში, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულმა წამახალისებელმა ფინანსურმა ღონისძიებებმა.
(R)