ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს წევრმა, ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ დასვა საკითხი, ოზურგეთის თეატრის წინ მდებარე მოედანს, რომელსაც თეატრალური მოედანი ეწოდებოდა და შემდეგ იყო საუბარი, რომ ზვიად გამსახურდიას სახელი მინიჭებოდა, ეს მოხდეს ოფიციალურად.
_ დიდებული საქმეა, რომ არსენ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა თეატრის მიმდებარე სკვერს. მინდა ვთქვა კიდევ, რომ ოზურგეთის თეატრი უკვდავია და ასევე, მის წინ მდებარე თეატრალური მოედანი იქნეს სახელდებული. გთხოვთ, უკვდავყოთ, მერამდენედ ვაფიქსირებ უკვე, ამ მოედნის სახელი და აღვადგინოთ, როგორც იყო ნათქვამი, რომ ამ მოედანს ეწოდოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელი, _ თქვა ვასო ჩიგოგიძემ.
ლავრენტი ბიგვავამ მოიწონა წინადადება და შესთავაზა, ინიციატივით შესვლა საკრებულოზე, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ასე ითვალისწინებს. თუმცა, ვასო ჩიგოგიძემ განაცხადა, რომ უმჯობესია, საკითხი სხვამ _ კონკრეტულმა ჯგუფმა ან პირმა წარადგინოს.
_ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას. ან საკრებულოს წევრმა უნდა შემოიტანოს, ან მუნიციპალიტეტის მერმა, _თქვა ლავრენტი ბიგვავამ და საკრებულოს მიმართა, რომ უახლოეს დროში ეს საკითხი მოგვარდეს.
_ მოიძებნება წარმომდგენი, ეს არ არის ძნელი, ეს უნდა იყოს საკრებულოს წევრი ან თავად მერი, _ თქვა ბიგვავამ.
საკრებულოს წევრებმა წინადადებას მხარი დაუჭირეს.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე