დღეს ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სახალხო დღესასწაული “ალეგრეობა 2022” გაიმართა. დღის განმავლობაში ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა შედა. ასევე ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი ჩატარდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ:
სამაშველო ოპერაციებში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებული სამსახურისთვის მეხანძრე-მაშველ გრიგოლ ქავთარაძეს.
ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის, ქალბატონ ნანა გოთუას.
ჯანდაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და თანამოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროცესში გაწეული შრომისთვის ექიმს – ალექსანდრე აბრამიშვილს. ალექსანდრე მაღალი პასუხისმგებლობით გამორჩეული ახალგაზრდა პროფესიონალი და ხუთი შვილის მამაა.
ჩვენი ქალაქის მეეზოვეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების სერვის ცენტრის თანამშრომელს, გამორჩეულად შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან ადამიანს, ქალბატონ ალვარტ ავაკიანს.
სამოქალაქო განათლების, სოციალური დაცვისა და განვითარების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონ მარინა თოფურიას.
ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, პროფესიონალს, ღირსების ორდენის მფლობელს, ლოტბარ ბიძინა მჟავიას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჭადრაკის აღორძინებისთვის, გურიის რეგიონში გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის, ასევე, იუსტიციის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, იურისტს, პროფესორ გია ებრალიძეს.
სამეცნიერო სფეროში წარმატებული საქველმოქმედო და პედაგოგიური საქმიანობისთვის ქალბატონ მანანა ღაჟონიას.
სპორტის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპორტსმენს და მწვრთნელს კახაბერ აბაშიძეს.
საჯარო სექტორში მრავალწლიანი უმწიკვლო მუშაობისთვის მზევინარ სალუქვაძეს. ქალბატონი მზევინარი მერიის თანამშრომელი და თავისი საქმის პროფესიონალია.
ცნობისთვის, ოზურგეთობა იგივე ალეგრობა გურიაში ჯერ კიდევ მე -18 საუკუნიდან, გურიიის უკანასკნელი მთავრის , მამია V გურიელის დროიდან აღინიშნებოდა. სახელწოდება “ალეგრობა” ოზურგეთში უცხოელი მისიონერების, კონკრეტულად კი იტალიელების გამოჩენას უკავშირდება. როცა გურიელმა სასახლის კარზე სანახაობა “ალეგრობა” დააარსა და საბოლოოდ ის საქველმოქმედო ხასიათის სახალხო ღონისძიებად და ოზურგეთის ქალაქურ დღესასწაულად იქცა. ალეგრობა 2011 წელს ისევ აღდგა და მას შემდეგ ოზურგეთში აღნიშნული დღესასწაული ყოველ შემოდგომაზე იმართება.