ბოლო ერთი კვირაა, ოზურგეთში სწრაფად აიწია ნიორის ფასი. ნაახალწლევს 3,5-5 ლარის ფარგლებში შესაძლებელი იყო ერთი კილოგრამის ყიდვა.
_ამ დროს ნიორის ფასი ყოველთვის იზრდება,თუმცა , შარშან ამხელა ფასი არ ჰქონია, _ ამბობს ოზურგეთელი მომხმარებელი ლარისა გოლიაძე.
_რა გიკვირთ? აგერ, გუშღამ, სამიოდე დღის წინაც, 20-21 ლარს აფასებდნენ. დათესეთ შემოდგომაზე და გექნებათ საკუთარ ბაღჩა-ბოსტანში, _პასუხობს ქალბატონ ლარისას ნიორის გამყიდველი. ხოლო კითხვაზე, თავად რატომ არ დათესა და ნაყიდს რატომ ყიდის, პასუხი ამჯერადაც მზად აქვს: „სანამ შემეძლო, აბიბინებული მქონდა სამყოფად ჩემს ბოსტანში, ახლა კიდევ, პენსია არ მყოფნის და ასე ვმუშაობ, თორემ შინ დავჯდებოდი და დავისვენებდიო“.
მომხმარებელთა საკმაო ნაწილი ამბობს, რომ ეს ჩინური ნიორია, ზოგიც უსწორებს, რომ გორიდან არის ჩამოტანილი.
ამ ბჭობა-ბაასში ამბობენ იმასაც, რომ ნიორის ფასი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.
სხვა ბოსტნეულსა თუ სანელელბებზე ჯერჯერობით ფასის ზრდა არ მომხდარა.
ავტორი