ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევებმა გუშინდელ მონაცემებთან შედარებით კიდევ უფრო მოიმატა. გასული 24 საათის განმავლობაში ოზურგეთში კორონავირუსზე 354 ტესტი ჩატარდა, საიდანაც ინფიცირების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა.
ქუტიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატება ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას უკავშირდება. მიმდინარეობს ეპიდკვლევა, მაგრამ გამოკვეთილი, რომ რომელიმე ქორწილის ან სხვა სახის სუფრასთან თავშეყრის კლასტერი არსებობს, არაა.
„ზოგი ზღვაზე იყო, ზოგი თბილისიდან ჩამოვიდა“,_ გვითხრა ქუტიძემ.
ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 111 შემთხვევა. კოვიდპაციენტებიდან 31 სტაციონარშია მოთავსებული, თუმცა ყველა მათგანი ოზურგეთში არ არის და სხვადასხვა კლინიკებში იმყოფებიან. საკარანტინე სირცეში 41 პაციენტი მკურნალობს, ბინაზე კი 39. ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სულ კი ოზურგეთში კორონავირუსზე 58 166 ტესტია ჩატარებული, საიდანაც ინფიცირების 4670 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 4490 ადამიანი, 65 კი გარდაცვლილია.