ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევები ისევ მაღალია. გასულ 24 საათში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი “გურია ნიუსთან” მომატებული ტესტირებების, ვერ დაცული რეგულაციების და სიმპტომიანი მოსახლეობის მზარდ რაოდენობაზე საუბრობს.
“ბავშვთა დაწესებულებებში ისევ ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევები, მაგრამ უმეტესად სააღმზრდელო და პედაგოგიურ პერსონალში. ჩვენი ინფორმაციით, რეგულაციების დაცვა ისევ დარღვევებით მიმდინარეობს. ამისი ფაქტი არის ისიც, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 28%-ამდეა შემცირებული. ვაქცინაციასთან დაკავშირებით გვაქვს უკეთესობა. ქვეყანაში სრულად აცრილთა 50%-ზე მეტი მოდის ზუსტად საპენსიო ასაკზე. ტესტირებებს რაც შეეხება მოიმატა თვითდინებით ტესტირებების რაოდენობამ, ხდება გაკონტროლება მწვანე პასპორტის მონაცემების თანახმად. სტაბილურად მიმდინარეობს რანდომული ჯგუფების ტესტირება, ვინც შედის რისკჯგუფებში და რათქმაუნდა სიმპტომიანი მოსახლეობის, რომელთა რაოდენობაც ბოლო პერიოდში მომატებულია”,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 10412 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 9359 პაციენტი, გარდაცვლილია 83. ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 970 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 118 მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 184, ხოლო ბინაზე 668. თვითიზოლაციაშია 99 პირი.