ოზურგეთში კოვიდინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი ელზა სიმონიშვილი ამბობს, რომ ოზურგეთში ინფიცირების შემთხვევებმა სადღესასწაულო დღეების შემდეგ მოიმატა.
“სადღესასწაულო დღეების შემდეგ ინფიცირების შემთხვევები მომატებულია. ტესტირების რაოდენობამ მოიმატა და სიმპტომიანი პაციენტებია უმეტესობა. ოჯახური კლასტერებია მხოლოდ”,_ ამბობს სიმონიშვილი.
ეპიდემილოგი ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნავს, რომ ინფიცირების შემთხვევების კიდევ უფრო მატებას თვის მეორე ნახევრიდან ელოდებიან.
“ველოდებით, რომ იანვრის თვის მეორე ნახევარში, როდესაც ძირითადი შტამი გახდება ომიკრონი, შემთხვევები კიდევ უფრო მოიმატებს როგორც ბავშვებში, ისე ახალგაზრდებში. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღებით ვართ. სიმპტომების გამოვლენისთანავე მოსახლეობას ვურჩევთ რომ მიმართოს ექიმს და ჩაიტაროს ტესტი სტატუსის დასადგენად”,_ ამბობს სიმონიშვილი.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 11947 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10921 პაციენტი, გარდაცვლილია 91. აქტიურია ინფიცირების 935 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 102, საკარანტინე სივრცეში 148, ბინაზე კი 685 პაციენტი მკურნალობს.