ამ დილით, ოზურგეთში, თეატრის წინ მდებარე მოედანზე განთავსებულ საყვავილეებს, რომელიც აქ ოპოზიციამ და ხალხის დიდმა ნაწილმა “კუბოდ” მონათლა, ბალახებისა და სხვადასხვა ქვებისგან თუ ხავსებისგან წმენდენ.
ქალაქის მომსახურების ცენტრის თანამშრომლები, გამწვანების განყოფილების ხელმძღვანელ ბადრი თოიძესთან ერთად, ცნობისმოყვარეებს ედავებიან: “სადაა პლანი? რა მარიხუანა?ბალახს ვერ ცნობთ? “, _ ეუბნებიან ისინი გამვლელ-გამომვლელებს, რომლებიც გუშინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იშველიებენ _რომ აღნიშნულ საყვავილეებში მარიხუანა ბიბინებდა. _აბა, პოლიციამ რატომ დაადასტურა? – არ ეშვებიან ცნობისმოყვარეები.
_წადით და პოლიციას ჰკითხეთ, ჩვენ ახლა აქ ვასუფთავებთ, მერე მულჩი უნდა დააფინონ,_ ამბობს ბატონი ბადრი თოიძე.
_ ესე იგი, ამ “კუბოებს” ტოვებენ?_ კვლავ ეკითხებიან მას.
ასეთია დილის დიალოგი ოზურგეთის ცენტრში განთავსებულ საყვავილეებთან, რომელიც ჯერ ფორმის გამო გახდა რეზონანსული, მერე კი სავარაუდოდ, შიგ მარიხუანის დათესვის გამო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი კითხვაზე, აღძრულია თუ არა საქმე მარიხუანას საყვავილეში ჩარგვის ფაქტზე, ამბობენ, რომ ინფორმაციას მალე მოგვაწვდიან.
ავტორი