დღეს, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
პარლამენტარები: თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანი წითლიძე და სალომე სამადაშვილი კამპანიის ,,პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის” ფარგლებში იმყოფებოდნენ ოზურგეთში. რომლის ფარგლებშიც მიმდინარე საკანონმდებლო გამოწვევებზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელიც ე.წ. რუსულ კანონს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებად მოჰყვება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვიყავით ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, დღეს ოზურგეთში ვართ და ველაპარაკებით ადამიანებს, თუ როგორ ხედავენ ისინი რეალობას, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც ევროპულ ინტეგრაციას ანადგურებს. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა საკითხები აწუხებთ ადამიანებს. მინდა აღვნიშნო, რომ ოზურგეთში შეხვედრა იყო განსაკუთრებული, რადგან ძალიან კონკრეტული საჭიროებები და ხედვები გაგვიზიარეს ოზურგეთელებმა და ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა და თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მათი ყოველდღიური ცხოვრება” – აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს თამარ კორძაიამ.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.
ავტორი