სოციალურ კაფეში „არჩივში“ ოზურგეთელი მსახიობის ვახო ჩხარტიშვილის და თეატრალური საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი რეჟისორის, ელენე მაცხონაშვილის მიერ შექმნილი სპექტაკლის „კუს ელვა დავარქვით“ პრემიერამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ელენე მაცხონაშვილის თქმით, მან და ვახო ჩხარტიშვილმა შექმნეს ახალი თეატრი, რომელსაც „ელვა“ დაარქვეს. ორი თეატრალის სამომავლო გეგმები საინტერესო და საკმაოდ ამბიციურია.
რაც შეეხება პირველ სპექტაკლს, ის წყვილზე მოგვითხრობს, რომლებიც დაშორებიდან რამდენიმე წელში ხვდებიან ერთმანეთს და ფსიქოლოგის მიერ დაწერილ კითხვებს სცემენ პასუხს. თუ როგორ სრულდება სპექტაკლი, ფინალი თქვენ უნდა ნახოთ…
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ მაყურებელმა ორივე მსახიობი დიდი ოვაციებით და ყვავილებით დააჯილდოვა.
ელენე მაცხონაშვილი: პირველ რიგში, მადლობის თქმა მსურს. ნებისმიერ თეატრში ყოველთვის მნიშვნელოვანი არის მაყურებელი. მაყურებლისთვის იქმნება ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესი. ჩვენს შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მაყურებელს და ამ თანადგომისთვის კიდევ ერთხელ მადლობა.”
„ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გემოვნებიანი და აქტუალურ თემაზე შექმნილი სპექტაკლები შევთავაზოთ ჩვენს მაყურებელს. დღევანდელი ემოციები და სტუმრები არასდროს არ დაგვავიწყდება მე და ელენეს“ – თქვა სპექტაკლის დასრულების, შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, ვახო ჩხარტიშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირველ სპექტაკლზე ყველა ბილეთი გაიყიდა. მაყურებელს „კუს ელვა დავარქვით“ მოეწონა.
„გურია ნიუსი“ „ელვას“ და მის შემქმნელებს წარმატებებს უსურვებს.