26 თებერვალს, 17 საათზე, საქართველოს 12 ქალაქში მშვიდობიანი აქცია გაიმართება, რომლის შემდეგ დაიწყება კამპანია _ #ნინისგამო. აქცია დაანონსებულია ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღშიც.
ქალთა მოძრაობის წევრები 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე გულგრილობის გამო საქმის პროკურორის პასუხისგება მოითხოვეს. #გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო! #გამო-თქვი, #გამო-დი, ერთად დავარღვიოთ დუმილი.
ქალთა მოძრაობა ავრცელებს განცხადებას, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
„#მომისმინე #პროტესტის100დღე არის კამპანია, რომელიც უპირისპირდება სქესობრივ ძალადობას გოგოების და ქალების მიმართ. ჩვენ ვითხოვთ რეფორმებს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.
შეცვალეთ _ სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შექმენით _ პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახადეთ _ ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდეთ _ ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
დადგეს _ ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.
#მომისმინე #პროტესტის100 დღე კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, ის აერთიანებს ყველა მშობელს, ახალგაზრდას, სამოქალაქო აქტივისტს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც ამბობენ, რომ ცვლილებების დროა“, _ ნათქვამია განცხადებაში.