ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად პარლამენტს საქართველოს მთავრობის წინადადება წარედგინა, რომლის მიხედვით 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებით უნდა შეიქმნას 7 ახალი მუნიციპალიტეტი.
ამის შემდეგ პარლამენტში დაიწყება საკომიტეტო და პლენარული განხილვები, სადაც მომხსენებელი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანი იქნება. ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანებით იქმნება გორის მუნიციპალიტეტი.
ამავე პრინციპით, შეიქმნება ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები.
პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს.
კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს. ამასთან დაკავშირებით, ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის.
პროექტის ავტორი საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.