დღეს ოზურგეთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 9.30 საათზე ოზურგეთიდან თბილისის მიმართულებით ავტობუსი გავიდა.
როგორც მარშრუტის მძღოლმა “გურია ნიუსთან” აღნიშნა, მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდა. მისი თქმით, არც მგზავრობის საფასურის მატება იგეგმება.
“მოძრაობა აღდგენილია ჩვეულ რეჟიმში. მგზავრებს შეუძლიათ მოთავსდნენ ყველა ადგილზე, მხოლოდ მათ უნდა ეკეთოთ პირბადე.
რაც შეეხება მგზავრობის ღირებულების გაზრდას, ეს ინფორმაცია არასწორია. მგზავრობა ოზურგეთიდან თბილისამდე და პირიქით, 20 ლარი ღირს”, _ გვითხრა ავტობუსის მძღოლმა.