ოზურგეთის ბაზარი (შპს „სოფლის ნობათი“) კარგახანია, მიუსაფარი ძაღლების თავშეყრის და მათთვის ღამის გასათევ ადგილად იქცა. ანტისანიტარია, არაერთ კუთხეში თავმოყრილი ნაგავი, ქაღალდის ყუთების გროვები აქ ჩვეულებრივი ამბავია _ ამ ფონზე გასაყიდად გამოტანილ თევზს („ქაფშია“), რომელიც ყველგან ღია სივრცეში იყიდება, არაერთხელ ყნოსავენ ძაღლები და ჯოხმომარჯვებული გამყიდველები იგერიებენ. უმაცივროდ დახლებზე დალაგებულია ყველი, კონტეინერის და დაფასოების გარეშე, ღიად გამოფენილია სხვადასხვა სანელებლები, რაც მტვრისგან არანაირად არაა დაცული.
_ მე ნაგავს ვეზიდები , ქაღალდის ყუთებს ვუტოვებ ფრინველების გამყიდველ ქალებს, ცეცხლი ხომ უნდა დაანთონ, სცივათ (?), დანარჩენს ბაზრის გარეთ ვყრით ურნებში. აბა, აქ ურნები არ დგას. ადრე დეზინფექცია უკეთდებოდა, ახლა საშინელი სუნია, _ პრეტენზია გამოთქვა ჩვენთან საუბრისას შპს „სოფლის ნობათში“ მომუშავე ზაზა ჟორჟოლიანმა.
ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი თენგიზ ქუტიძე კი ბაზარში არსებული მდგომარეობის შესახებ, ასეთ კომენტარს აკეთებს:
_ ოზურგეთის ბაზარი კერძო ორგანიზაციაა. მე მათ ავუკრძალე ურნებში ფრინველების და ცხოველების დაკვლა-გასუფთავების შემდეგ გამოტანილი ნარჩენების ჩაყრა. დეზინფექციას ყოველთვის ვაკეთებთ. ჩვენ მიმართ სათქმელი არაფერი აქვთ, _ გვითხრა მან.
ბაზრის გარეთ „ხამსას“ გაყიდვის თაობაზე, რომელიც სხვადასხვა მწვანილეულის გვერდით აქვთ მოთავსებული, მივმართეთ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, შუქრი გაბრიჩიძეს.
_ სად ყიდიან? არაფერი ვიცი ამის შესახებ, სასწრაფოდ გავარკვევ, _ გვითხრა მან.
„გურია ნიუსი“ ვრცლად ბაზარში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩვენი გაზეთის უახლოეს ნომერში გიამბობთ.