დღეს, დილის
11 საათიდან, ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში, გურიის რეგიონის ჩემპიონატი დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შორის. ისინი სპორტის ოთხ სახეობაში (ნარდი, შაში, მკლავჭიდი, ტენისი) ეჯიბრებიან ერთმანეთს.
დევიზით _ „ჩვენ შეგვიძლია“, გამართულ შეჯიბრში, დღის ბოლომდე გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
_ მე ასოციაცია „საბას“ დამფუძნებელი ვარ. დღეს აქ ლანჩხუთიდან 8 შშმ პირი ჩამოვიყვანეთ. მათ შორის ჩემი შვილიცაა. ძალიან კარგი ღონისძიებაა. ყოველ წელს ვმონაწილეობთ. ეს ყოველივე ამ ბავშვებისთვის ზეიმია, _ გვითხრა „საბას„ დამფუძნებელმა ინეზა კვაჭაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების და კულტურის განყოფილების სპეციალისტმა ეკატერინე გურჯიშვილმა ამ ჩემპიონატს შშმ პირთათვის მოტივაციის მიმცემი ღონისძიება უწოდა.
_ დღეს აქ ჩოხატაურიდან შვიდი შშმ პირი ჩამოვიყვანეთ. მათ გასულ წელსაც მიიღეს მონაწილეობა ნარდში და საპატიო თასიც აიღეს. ძალიან მოტივირებული არიან, რის განწყობასაც ეს ღონისძიება იძლევა. დღესაც სურთ, შინ გამარჯვებული დაბრუნდნენ, – გვითხრა მან.
შეჯიბრი მკლავჭიდით დაიწყო. მასში გამარჯვებული, როგორც დანარჩენ სახეობებში, დღის ბოლოს გამოვლინდება.