წლის ბოლოს დაგეგმილ მშობელთა კრებაზე, ოზურგეთის ნ. დუმბაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლაში, დირექტორმა ფატი სიორიძემ მშობლებს სთხოვა, იაქტიურონ და ახალი იდეებით შეუერთდნენ სასკოლო ცხოვრებას.
_გაგაცნობთ სიახლეს, იანვრიდან სკოლაში დაიდგმება „იდეების ყუთი“, სადაც თითოეული მშობელი საკუთარ იდეას წერილობითი ფორმით ჩაუშვებს. ძალიან გთხოვთ, იაქტიუროთ, თქვენი აზრი ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, -უთხრა მან მშობლებს.
ფატი სიორიძე მშობლებს ასევე ესაუბრა სკოლაში ძლიერი ფსიქოლოგის შეყვანის აუცილებლობაზე, რაც უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს.
_ხშირად ესაუბრეთ შვილებს, ჰკითხეთ, რა აწუხებთ, რა უხარიათ. ბევრჯერ უთხარით, რომ საუკეთესოა. სად დადის, ვისთან მეგობრობს, როდის იძინებს, რა წყინს… ჩვენ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ძალიან ახლოს უნდა ვიდგეთ შვილებთან, _ თქვა მან.
მშობლებმა ამ თხოვნას საკუთარი მოსაზრებაც შეაგებეს, რომ შვილებს არა მარტო ის უნდა უთხრან, რომ თავად არის საუკეთესო, არამედ სხვისი შვილებიც, ანუ მათი მეგობრებიც საუკეთესოები არიან.
დარბაზს მხიარული ელფერი შესძინა და მოწონება დაიმსახურა ფატი სიორიძის შეთავაზებამ იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებაში და კონკურსებში თვითონ მშობლებმაც მიიღონ მონაწილეობა, შვილებთან ერთად.
_ასე გამოჩნდება, ვის როგორი განათლება აქვს, რა აქტივობაში შეუძლია მონაწილეობის მიღება შვილებთან ერთად. ეს ნებისმიერ კონკურსს უფრო საინტერესოს გახდის, _ უთხრა მან მშობლებს.