საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ქონებრივი დეკლარაციების შემოწმების შედეგად, რვა ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერი დაჯარიმდა, რომლებსაც ხელფასის 20 პროცენტის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
დაჯარიმებულთა შორის ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძეცაა. როგორც გვითხრეს, შარაშენიძის მიერ შევსებული დეკლარაცია ბიურომ “გურია ნიუსში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ გადაამოწმა _ როგორც ვწერდით, ოზურგეთის მერმა დეკლარაციის შევსების დროს თავისი შვილის საკუთრებაში არსებული, შეკვეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი არ შეიტანა. აღნიშნული ნაკვეთი 2014 წელს, შარაშენიძის გამგებლობის დროს გაიყიდა _ პირველი აუქციონი ჩავარდა, განმეორებით აუქციონზე კი საკმაოდ დაბალ ფასად იქნა გაყიდული. ნაკვეთის ნაწილი კი შარაშენიძის შვილის მფლობელობაში 2016 წელს აღმოჩნდა _ როგორც საჯარო რეესტრის დოკუმენტებშია აღნიშნული, ნასყიდობის საფუძველზე.
ჩვენ შევეცადეთ დეტალები კონსტანტინე შარაშენიძესთან გადაგვემოწმებინა, თუმცა, მერმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.