ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენლის სოფელ ჯუმათში, ოთარ მექვაბიშვილის საქმიანობას საგამოძიებო უწყება სწავლობს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი მექვაბიშვილმა ყალბი ცნობა გასცა, რის საფუძველზეც მოქალაქემ ხე-ტყის ტრასპორტირება მოახდინა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარა-გურიის სამმართველოს უფროსის მუხრან კაკაბაძის თქმით, მოქალაქე კ.ტ.-ს ხე-ტყის ტრანსპორტირებისას ხელთ ჰქონდა ცნობა, რომლის მიხედვითაც, მასალა ერთ-ერთი ფიზიკური პირის სახლიდან მოჰქონდა, თუმცა, ადგილზე გადამოწმებისას გაირკვა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
_ ჩვენ გამოვავლინეთ უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი. ამასთან დაკავშირებით შედგა ოქმი, გადაიგზავნა სასამართლოში და მოქალაქეს დაეკისრა ჯარიმა. ხე-ტყე მიეკუთვნა სახელმწიფოს. რაც შეეხება ცნობას, რომელიც გაცემული იყო რწმუნებულის მიერ, გადავამოწმეთ საჯარო რეესტრში და შემდეგ წარვადგინეთ ეს წერილი პროკურატურაში, _ გვითხრა კაკაბაძემ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურეს და გვითხრეს, რომ საქმე გამოსაძიებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
შსს-ს პრესსამსახურში კი „გურია ნიუსს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით, ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს:
_ რაც შეეხება მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ საბუთს, ის ფიგურირებს საქმეში. მალე დაინიშნება ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს არის თუ არა დოკუმენტი უკანონო და გაყალბებული, _ აღნიშნა ჩვეთან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო ცხადაძემ.
ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე ოთარ მექვაბიშვილის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, მერის წარმომადგენელმა “გურია ნიუსის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.