ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვას იწყებს. აღნიშნული პროექტისთვის 150 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც საკრებულომ მორიგ სხდომაზე ბიუჯეტში ასახა.
მოქალაქეთა მონაწილეობითი მექანიზმები დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში NDI-ს სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილეს. განხილვას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები ლაშა გოგიძე და თამარ გზირიშვილი უძღვებოდნენ. პროექტის ინიციატორმა ოზურგეთის მერის მრჩეველმა ალექსანდრე ბერიძემ და თანაავტორმა, გურიის ახალგაზრდა რესურსცენტრის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა, პროექტის დეტალები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ეს იქნება მოქალაქეთა ჩართულობის უპრეცედენტო პროექტი, რომლიც პირველად ოზურგეთში, გურიის ახალგაზრდა რესურსცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდება.
სიახლე პირველ ეტაპზე, მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლებზე გავრცელდება, რომელთა ჩართულობითაც ოზურგეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პლატფორმა მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე www.oz.gov.ge განთავსდება.
შეხვედრას გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრო. (R)