ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქონების აღწერის მიზნით კომისიები შეიქმნა. კომისიის წევრები აღწერენ, როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას, ასევე, გადიან სოფლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ყაზაიშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სარგებლობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის დროებითი კომისია შექმნილია 2017 წლის 12 სექტემბერს.
კომისიის თავმჯდომარე, გამგებლის მოადგილე ბადრი გობრონიძეა, მოადგილე _ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი. წევრები არიან: ლაშა თავაძე , იურიდიული სამსახურის უფროსი, თენგიზ ჩიჩუა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ასევე გამგეობის თანამშრომლები ეკატერინე გეგიაძე, მალხაზ გორგოშიძე, ტარიელ ჩხარტიშვილი.
კომისიას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ყაზაიშვილის თქმით, შესაბამისი დავალებები უკვე მიეცათ მუნიციპალიტეტის მხარჯავ დაწესებულებებს და კომისია, დადგენილ ვადაში 2017 წლის 1 ოქტომბრამდე დაასრულებს ქონებისა და ვალდებულებების ნუსხის შედგენაზე მუშაობას.
რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, პრესსამსახურის ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარე ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძეა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან კომისიის წევრები, პრესსმასახურში გვეუბნებიან, რომ ამასთან დაკავშირებით ოფიციალურად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის სახით უნდა მივმართოდ.
_ გაუქმებული მუნიციპალიტეტების საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული უძრავი/მოძრავი ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციისა და 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის გადაცემის მიზნით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია . კომისიას ხელმძღვანელობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალეკო ბურჭულაძე და თავად კომისია 8 წევრისაგან შედგება. კომისია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას და ადგენს შესაბამისი ახალი მუნიციპალიტეტისათვის ქონებისა და ვალდებულებების გადაცემის ნუსხას არა უგვიანეს 2017 წლის 1 ოქტომბრისა.