ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გიორგი ზვიადაძის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გოჩა აბუსერიძემ. კონკრეტულად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაავალა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერიის თანამშრომლების კუკა ბარამიძისა და თინათინ სარიშვილის დასაქმება.
როგორც კუკა ბარამიძემ გვითხრა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ბარამიძისა და სარიშვილის მესამე რანგის პირველი კატეგორიის ტოლფასს თანამდებობაზე გადაყვანა და დასაქმება და ასევე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსამართლემ დააკმაყოფილა სააპელაციო მოთხოვნა და ბათილად ცნო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის N45 დადგენილება, რომლითაც სადავო საშტატო ერთეულების კატეგორიები შეიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ბარამიძე და სარიშვილი მობილობის და რეორგანიზაციის პროცესში გამოცემული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი აქტების და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის #45 დადგენილების ბათილად ცნობას; მობილობის წესით თანამდებობაზე გადაყვანის დავალდებულებას; მერიის უკანონო მოქმედებით გამოწვეული იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და ამასთან ერთად ხელფასზე დაკლებული ანაზღაურების ნაწილის დაუყოვნებლივ ჩარიცხვის დავალდებულებას ითხოვდნენ.
გაასაჩივრებს თუ არა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მერია, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.