ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“ვითხოვ ბოდიშის მოხდას, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შემიზღუდეს გამოხატვის თავისუფლება და არ მომცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. მინდოდა, დამეფიქსირებინა პოზიცია საკრებულოს მიმართ, რადგან მათ მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის გაერთიანებას”, _ თქვა კოკა კიღურაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნათია ზედგინიძის თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამსწრე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, მათ შორის, ბატონ კოკა კიღურაძეს და ნებისმიერ მსურველს, მიეცა საშუალება, თავისუფლად გამოეხატა მოსაზრება და პოზიცია საკითხის ირგვლივ.
“თითოეული გამომსვლელის მოსაზრება სხდომის ოქმში დაფიქსირდა. ასევე, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, იხილონ სხდომის სრული ვიდეო ჩანაწერიც სოციალურ ქსელში“, _ გვითხრა ნათია ზედგინიძემ.