ოზურგეთის საკრებულოს გასვლითი სხდომა დღეს ფოლკორის ცენტრში იმართება, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული კორონავირუსის პრევენციის მიზნით დისტანცირება და უსაფრთხოების ზომები.
სხდომის დაწყებამდე დეპუტატები თანდათან მოგროვდნენ შესასვლელთან, სადაც თითოეული მათგანი პრევენციის მიზნით დადგენილი ნორმებით მოქმედებდნენ და ვიზუალურადაც განსაზღვრული ეტიკეტით გამოიყურებოდნენ – თითოეულს ეკეა პირბადე და ხელთათმანები.
_განწყობა პოზიტიური გვაქვს. ვმუშაობთ, ვცდილობთ, დაბრკოლება არ შეიქმნას და გავუძლოთ ამ ურთულეს გამოწვევას. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, – გვითხრა ოზურგეთი მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ.
საკრებულოს სხდომის გახსნისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და ახლა აუცილებელია ზუსტად უნდა შესრულდეს მთავრობის ყველა რეკომენდაცია.
_ დღეს ჩვენი შეკრება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარეობს, იგეგმება ბიუჯეტში ცვლილება. დაახლოებით 11 მილ. ლარამდე დამატებით ახალ ინფრასტრუქტურის მშენენებლობას მოხმარდება. მუნიციპალიტეტმა უნდა გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს რთული პერიოდი შევამსუბუქოთ. საკრებულოს წევრებს კი გვმართებს ორმაგი პასუხისმგებლობა მოქალაქეთა წინაშე, ამიტომ მოგიწოდებთ მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, თავადვე გავხდეთ მაგალითები სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის. ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს რათა, წარმატებით დავძლიოთ ეს გამოწვევა, მადლობა ჩვენს მედიკოსებს, ისინი ნამდვილად გმირები არიან, _ თქვა მან
საკრებულოს დღის წესრიგში განსახილველად სულ 12 საკითხია შეტანილი.