ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხუთი მოსამართლიდან ორი მოსამართლე დარჩა. ამჟამად საქმეებს ციცინო როხვაძე და მარინა კიკნაძე იხილავენ.
“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოსამართლე ბიძინა სტურუა გადაყვანილი იქნა თბილისში, მოსამართლე ნანა ჯოხაძე ქუთაისის სასამართლოში აგრძელებს მუშაობას, მოსამართლე გიორგი ზვიადაძეს კი უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურა.
ადვოკატების ერთი ნაწილის თქმით, ორი მოსამართლე საკმარისი არ არის ოზურგეთის რაიონული სასამართლოში.
“გურია ნიუსი“ ადვოკატ კახა ჩავლეშვილს დაუკავშირდა. რა ინფორმაციას ფლობს ის, რა ხდება სასამართლო სისტემაში და რატომ არ ხდება ახალი მოსამართლეების დანიშვნა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში?
კახა ჩავლეშვილი: მართლაც ხუთი მოსამართლიდან ორი მოსამართლეა დარჩენილი, რატომ არ ნიშნავენ მოსამართლეებს, ზუსტად არ ვიცი და ძნელია ამაზე ჩემი მხრიდან ვარაუდის გამოთქმა. ზოგადად, ქვეყანაში არის ამ მხრივ კვალიფიციური კადრების პრობლემა, მაგრამ არა ამ დონეზე. რამდენადაც მე ვიცი, ძალიან ბევრი უარს ამბობს ოზურგეთში გამწესებაზე და ყველა ცდილობს, თბილისში ან თბილისთან ახლო რაიონულ სასამართლოში დაინიშნონ. ისე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ სასამართლოში ძალიან რთული სიტუაციაა. ძალიან გვიანდება საქმეების განხილვა, რაც სეროზული უკმაყოფილებას იწვევს და ასევე, სერიოზულ პრობლემას უქმნის სასამართლოს ავტორიტეტს“.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან “გურია ნიუსმა“ მიიღო ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდება.
„გამოცხადებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელთა მიღება, რაც მოსამართლეთა რაოდენობის გასაზრდელად ერთ-ერთი ქმედითი ნაბიჯია“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.