ოზურგეთის საჭადრაკო კლუბმა “გურიამ”, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის მორიგი XV და XVI ტურის მატჩები, სტუმრად ბაღდათის „ბაღდათთან” გამართა. ეს კლუბი მთელი სეზონის განმავლობაში სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებდა, მაგრამ „ქუთაისთან” და ფოთის „ნანასთან“ დაკარგული ქულების შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა და მდგომარეობის გამოსასწორებლად, სახლში ოზურგეთელებთან, ორივე მატჩის მოგება სჭირდებოდა. ოზურგეთელები კი, საკმაოდ ძლიერი შემადგენლობის გუნდთან, ყაიმზეც ყაბულს იყვნენ.
8 დაფაზე გამართულ ორივე მატჩში „გურიამ” იმარჯვა, კერძოდ პირველი მატჩი 5-3 და მეორე 4,5-3,5 ანგარიშით მოიგეს. აბსოლუტური შედეგი აჩვენეს გივი სიამაშვილმა, ნიკოლოზ ბარამიძემ და ანდრია კიკაბიძემ. პირველი, შედარებით ადვილად მოგებული მატჩის შემდეგ, განმეორებითი შეხვედრების მიწურულს, 3,0-3,0 ანგარიშზე, ანა მეგრელაძის მოგებამ და ლუკა ღლონტის ყაიმმა, გურულებს გამარჯვება მოუტანა და ჯამში ოთხი ქულა წამოიღეს სახლში.
„გურია” აღნიშნულ, წარმატებულ მატჩებში ასეთი შემადგენლობით გამოვიდა: I დაფა-დავით ცეცხლაძე (გუნდის კაპიტანი), II დაფა-გივი სიამაშვილი,III- დაფა ლუკა ღლონტი, IVდაფა- ლუკა ქორიძე, Vდაფა-ანა მეგრელაძე, VI დაფა-თენგიზ თოიძე,VIIდაფა-ნიკოლოზ ბარამიძე, VIIIდაფა- ანდრია კიკაბიძე.
მორიგ, დასკვნით მე-17 და მე-18 ტურში, ოზურგეთელები სახლში ამბროლაურის „ამბროლაურს” უმასპინძლებს.