ოჯახის წევრების ინფორმაციით, წუხელ ვლადიმერ სურგულაძე სახლში იმყოფებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა, წაიქცა და გარდაიცვალა.
ის ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ 2006-2010 წლებში მუშაობდა.
მანამდე, ახალგაზრდული ასაკიდანვე, ვლადიმერ სურგულაძე მუდამ აქტიურობდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო ეროვნული მოძრაობის გულშემატკივარი. მუშაობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად. ხელისუფლებაში, პირველი პირის თანამდებობაზე მუშაობის დროს ძალზე მნიშვნელოვანი და პატრიოტული ნაბიჯი არაერთხელ გადადგა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი იყო მისი მხრიდან წინააღმდეგობა, როცა მთავრობის მიერ განზრახული იყო გურიის ტერიტორიის (სადაც ახლა ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ მდებარეობს) გადაცემა ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის.
_ მე გეუბნებით, რომ ასეთია ბრძანება. თქვენ გაახმოვანეთ! – დაგვიძახა და გვითხრა მან პრესკონფერენციაზე და უდიდესი როლი ითამაშა ამ საქმეში თავისი პრინციპული პოზიციით.
ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე , მისი მუშაობა ხალხის მიერ მარტივი და ბევრის მთქმელი ფრაზით შეფასდა: „ხელისუფლებაში მივიდა გაუსვრელი და ასეთივე წამოვიდა, კუთვნილი სიკეთითაც კი არ უსარგებლია“.
ლადო სურგულაძის ცხედარი ქალაქ ოზურგეთიდან, მშობლიურ სოფელ ჭანიეთში გადაასვენეს.
„გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.