30 დეკემბერს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ მადლობა გადაუხადა დეპუტატებს, ჟურნალისტებს, ყველას, ვინც წლის განმავლობაში მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში. შემდეგ კი დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი გააცნო.
პირველი საკითხის: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მანვე ისაუბრა და დეპუტატებს უთხრა, რომ ამ ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება ოზურგეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი საკითხია.
_ პანდემიით გამოწვეულმა კატაკლიზმებმა სტრუქტურული ცვლილებები გამოიწვია ეკონომიკაში, ძირფესვიანად შეცვალა საბიუჯეტო საქმიანობის ყველა სფერო და ჩვენც შეგვცვალა. ქვეყანამ გაუძლო პანდემიით გამოწვეულ სერიოზულ ცვლილებებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა, მუხედავად სირთულისა, შეძლო არატრადიციულ ბარიერთან გამკლავება. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, 2020 წლის 1 იანვრის მდგომაროებით დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, ნაკლები ოდენობით არის დაგეგმილი, ის, ძირითადად, ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრორიტეტების დაფინანსებას, როგორიცაა, პირველ რიგში, ინფრასტრუქტურა, _ თქვა მან.
დავით დარჩიას დაწყებული საუბარი ბიუჯეტზე, უფრო დეტალურად გააგრძელა საფინანსო განყოფილების უფროსმა, პავლე ჭყონიამ. მან ისაუბრა პრიორიტეტებზე. ხაზი გაუსვა იმას, რომ არსებული მდგომარეობის გამო, რაც პანდემიას უკავშირდება, ბიუჯეტის კორექტირება მოხდა. ბევრი კითხვები არ დასმულა.
ოზურგეთის ბიუჯეტი განისაზღვრა 25 104,0 ათასი ლარით.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს წლის პროექტს.
2021 წლის ბიუჯეტის პროექტი 29 ხმით დამტკიცდა.