რამდენიმე წუთის წინ დასრულდა #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში “სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი საჩივრების განხილვა. კომისიის წევრებმა ყველა მხარეს მოუსმინეს და უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამივე საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილეს. “სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის სამ საარჩევნო უბანზე მოხდა შემდეგი სახის დარღვევა: #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანზე მისულ დამკვირვებლებს უზღუდავდნენ უბანზე შესვლას, იმ მიზეზით, რომ მათ დააგვიანეს და კომისიის მდივანს არ ეცალა მათი დარეგისტრირებისთვის. შემდგომ უკვე უბანზე დაშვებულ დამკვირვებლებს კომისიის მდივანმა მიუთითა კონკრეტული ადგილი საიდანაც დააკვირდებოდნენ არჩევნების პროცესს, რითაც შეუზღუდა საარჩევნო უბანზე თავისუფალი გადაადგილება. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა უარი თქვა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციის შესრულებაზე. კომისიის თავმჯდომარემ ფუნქციის შესრულება დაავალა კომისიის სხვა წევრს წილისყრის ჩატარების გარეშე.“ #60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დღეებში მოხდება 5 საჩივრის განხილვა, რომელიც არჩევნების დღეს საღამოს 8 საათის შემდეგ დაიწერა “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved