ნუგზარ ბარამიძე გარდაიცვალა. დამსახურებული არტისტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება, რომელსაც “გურია ნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
“დიდი გულისტკივილით ვიუწყებით საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ ბარამიძის გარდაცვალებას. ამ მწარე სიტყვებს არ შეუძლიათ დაიტიონ არც ჩვენი ტკივილი და არც მისი პიროვნული და სამსახიობო ღირსებების გახსენება. ჩვენი კირილიჩი, ჩვენი ხალასი ნიჭი, სიკეთე, სითბო, გურიის კოლორიტი და თეატრის კოლორიტული ანსამბლის ერთ-ერთი მთავარი ხმა…
გვიყვებოდა თეატრში 1966 წელს მოვედიო, გურიის სამშვენისს, გაბრწყინებულ შენობაშიო… სამწუხაროდ, არ დასცალდა ისევ გაბრწყინებული შენობის გახსნა ეზეიმა…“
“გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს ნუგზარ ბარამიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს და კოლეგებს.