ოზურგეთში წვიმს, თუმცა, ეს წვიმა არც ისე ძლიერი და ხანგრძილივი ყოფილა, რომ ქალაქის ცენტრში “ჭადრების ბაღი“ და მიმდებარე ტერიტორია ისე დაეტბორა, ტროტუარებზე , სავალ ბილიკებსა და სამანქანო გზებზე ადამიანის გავლა შეუძლებელი გამხდარიყო _ ამ წუთებში ბილიკებზე , ტროტუარებსა და სამანქანო გზაზე ნიაღვრების ნაკრები ღელესავით მიედინება. მიზეზი ამისა არის გაუწმენდავი არხები, გაჭედილი ცხაურები და რაც ყველაზე მთავარია, როგორც ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა , თენგიზ ქუტიძემ იანვარში, წვიმის დროს, ანალოგიური დატბორვისას გვითხრა, „ „ჭადრების ბაღის“ ახლომდებარე ადგილები რელიეფურად ჩავარდნილია და აუცილებელია არხის გაჭრა“. როგორც ბატონმა თენგიზმა განმარტა, ამ სამუშაოების შესრულება უახლოეს მომავალში იგეგმება.
თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს სამუშაო დასაჩქარებელია და ეტყობა, ჩვენს ხელისუფლებას ყოველი წვიმის დროს უნდა შევახსენოთ, რადგან, როცა მცირე წვიმის დროს ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობაა, გასული წლების სტიქია რომ მოულოდნელად განმეორდეს, ოზურგეთის ცენტრში, ალბათ, ბარე ორ დღეს ვერ გავივლით.