ოზურგეთში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში, ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ მოაწერეს. ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის მსგავსი სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიაში პირველია და მრავალმხრივ თანამშრომლობას მოიცავს.
მემორანდუმის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტანდარტების შემუშავება, ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა, ინოვაციური მეთოდების დანერგვა, OGP- ის ფარგლებში ურთიერთპრაქტიკის გაზიარება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ღონისძიებას გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები დაესწრნენ. სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის“ დღესასწაული კულტურული და მხატვრული ღონისძიებებით აღინიშნა. ჩატარდა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. წარმოდგენილი იყო პერფორმანსი “წერილი” – ლიხაურის საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. (R)