სახალხო დამცველის აპარატის გურიის ოფისმა ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია გამართა.
კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლსა და ფუნქციებზე მიეწოდა ინფორმაცია, დაურიგდათ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები.
“დღეს არის ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, ტრადიციულად, სახალხო დამცველის აპარატი, ამ დღეს როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონში, ქუჩის აქციით ეხმაურება. რაც გულისხმობს იმას, რომ თემატურ ბუკლეტებს ჩვენი საქმიანობის შესახებ ვურიგებთ მოქალაქეებს. ვცდილობთ, მათ შეკითხვებს ამომწურავად ვუპასუხოთ. 10 დეკემბერს წინ უძღვოდა 16 დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ და წლევანდელი კამპანიის მთავარი დევიზი იყო „არა სექსუალურ შევიწროებას“. დისკრიმინაციის ყველა ფორმის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ სექსუალური შევიწროება განისაზღვრა დისკრიმინაციის ცალკე ფორმად. ასევე, მიმდინარე წლის მაისში, სექსუალური შევიწროება გახდა სამართალდარღვევა საჯარო სივრცეში. აღნიშნული ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის “ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში” მხარდაჭერით გაიმართა,“ _ თქვა მედიის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გურიაში თამარ ოგანოვამ.