ახლახან გავრცელებულმა ინფორმაციამ, იმის შესახებ, რომ თითქოს, ზუგდიდიდან ოზურგეთის თავშესაფარში ძაღლებს შემოიყვანენ და დატოვებენ, მოსახლეობის ვნებათა ღელვა გამოიწვია.
_ თავშესაფარი გვაქვს და აქაურ ძაღლებს ვეღარ უვლით? სავსეა ქალაქი. რა ხდება? – ასეთი და კიდევ მრავალი კითხვით არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა.
„გურია ნიუსი“ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსს, თენგიზ ქუტიძეს ესაუბრა:
_ ეს არის სრულიად მცდარი ინფორმაცია. ოზურგეთში ძაღლებს არც ზუგდიდიდან შემოიყვანენ და არც სხვა ქალაქიდან. მე გიპასუხებთ, რაც ვიცი. ისე კი, ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობა არ არის. სოფელ ოზურგეთში არსებული თავშესაფარი, საჭიროების დროს, ახდენს მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაციას, აცრას, ასევე კასტრაციას, როცა ამის საჭიროებაა, ყურზე კლიპის დადებას, რაზეც ინფორმაციაა მითითებული. როცა სხვა რეგიონიდან შემოჰყავთ ძაღლები, ამ პროცესის ხსენებული პროცედურების ჩატარების შემდეგ, მიჰყავთ უკან. ასეთ დროს ძაღლები დათვლილია. ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას, რომ მოჰყავს და ხელფასს უხდიან, ის ვალდებულია, უკან წაიყვანოს და აქ დატოვებას ვერავინ გაბედავს. ეს არის ძალიან პრიმიტიული მსჯელობა, თუ ვინმე ასე ფიქრობს. ახლა იკითხავენ, აქ რატომ მოჰყავთო. ჯერჯერობით, ასეთი მოწესრიგებული თავშესაფარი, სადაც საჭირო დახმარებას უწევენ ძაღლებს, არის ოზურგეთში. სულ ეს არის, – გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.
ვრცლად აღნიშნული პრობლემის შესახებ, ჩვენს მკითხველებს მალე საგაზეთო სტატიაში ვუამბობთ.