8 მარტს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრში ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით შედგა.
კულტურის სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 50 ქალბატონს საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცეს.
დარბაზში მყოფთა განსაკუთრებული ოვაცია ხვდა წილად ქალბატონებს: ოზურგეთელ ნატაშა მიხაილოვას, რომელიც 50 წელზე მეტია, ქალაქში ჯერ საგაზეთო დისტრიბუციაში საქმიანობდა, ახლა კი დასუფთავების სამსახურში მუშაობს.
ციური ბაბილოძეს, მერიის საჯარო სკოლის პედაგოგს, რომელიც 55 წელია სკოლაში ახალგაზრდული შემართებით მუშაობს და ბევრ ახალგაზრდას აოცებს თავისი ენერგიულობით და მაია ნარსიას, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთადერთი საჯარო მოხელე აღმოჩნდა დაჯილდოებულთა შორის. მან 40 წლიანი პასუხისმგებლიანი და თავდადებული შრომის გამო, ადამიანების დიდი სიყვარული მოიპოვა.
ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილეები: ალეკო სურგულაძე და ირაკლი სირაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ.
ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების, მათ შორის ანსამბლ „გურიას“ მონაწილეობით, ღვაწლმოსილი ქალბატონებისთვის გაიმართა კონცერტი, რამაც დამსწრეთა მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
ციური ბაბილოძე
ნატაშა მიხაილოვა
მაია ნარსია