გუშინ, საღამოს, ოზურგეთში, რკინიგზის სადგურის სიახლოვეს, მოქალაქე გ. ს-ს, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე ცხოვრობს, ქუჩაში მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა.
_მივდიოდი, ხელში ცელოფნის პარკი მეჭირა. უცებ, მოულოდნელად მეცა გვერდიდან. პარკი ხელიდან გავაგდე. ახლახან ლურსმანს დავადგი ფეხი და აცრა ისეც გაკეთებული მქონდა. ძაღლი ცოფიანს არ ჰგავდა, მაგრამ ექიმს მაინც უნდა მივმართო. ქუჩაში გავლის როგორ უნდა მეშინოდეს? _ გვითხრა ქალბატონმა. კითხვაზე, ედო თუ არა ყურზე კლიპი, მან გვითხრა, რომ არ შეუმჩნევია.
„გურია ნიუსი“ ა(ა)იპ ოზურგეთის მომსახურების ცენტრის დირექტორს, თენგიზ ქუტიძეს დაუკავშირდა:
_ჩვენ, ქალაქის ქუჩებში ახლახან, ორშაბათს ავიყვანეთ 20-მდე ძაღლი, მოვახდინეთ შესაბამისი დამუშავება. ზოგადად, ცოფის შემთხვევა, კარგა ხანია, არათუ ჩვენთან, არც სხვაგან გამოვლენილა. შესაძლოა, ქუჩაში ახლადგაშვებული ძაღლი იყო. ყოველდღე ტოვებენ ადამიანები ქალაქის ქუჩებში ძაღლებს, რაც ძალზე არაადამიანური საქციელია, მაგრამ რა ვქნათ? ჩვენის მხრივ, არ ვაკლებთ მცდელობას, რომ დროულად გადავიყვანოთ თავშესაფარში, მოხდეს სათანადოდ დამუშავება და მერე ისევ გავუშვათ თავისუფლად. შესაძლოა, ამ ქალბატონს პური მიჰქონდა ცელოფნით ან რაიმე პროდუქტი. ზოგადად, არ იკბინებიან ეს ძაღლები. რა ფაქტებიც გამოვლინდა, უფრო მეტად, ზაღლს უყვირეს ან დაარტყეს და ის ამ დროს თავს იცავს. სასურველია, ქალბატონმა ექიმს მიმართოს. ჩვენ გავალთ აღნიშნულ ლოკაციაზე და ვეცდებით, ვნახოთ ეს ძაღლი, _გვითხრა თენგიზ ქუტიძემ.