ოზურგეთელი მოქანდაკის ვასილ მჟავანაძის 50 წლიანი შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას სახვითი ხელოვნების ცენტრმა – სურათების გალერეამ უმასპინძლა. საგამოფენო დარბაზში მოქანდაკის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული ქანდაკებები იყო გამოფენილი.
ვასილ მჟავანაძის მიერ შექმნილი ნამუშევრები სხვადასხვა თემატიკას მოიცავს, თუმცა დამთვალიერებელს თვალში განსაკუთრებით პატრიოტულ თემაზე შექმნილი ქანდაკებები ხვდება, მრავლად არის სახელობითი, ვიქტორ დოლიძის, სიკო დოლიძის, ნოდარ დუმბაძის ბიუსტები, შესრულების ტექნიკის თვალსაზრისით გამორჩეულია ექვთიმე თაყაიშვილისადმი მიძღვნილი გორელიეფი.
გამოფენის გახსნის შემდეგ სახვითი ხელოვნების ცენტრის წინ ვასილ მჟავანაძის მიერ შესრულებული დეკორატიული პორტრეტი საზეიმოდ გაიხსნა. გალერეის შესასვლელს ცნობილ მხატვართა პალიტრებთან ერთად ამიერიდან ვასილ მჟავანაძის მიერ შესრულებული, გრანიტში გამოკვეთილი დეკორატიული პორტრეტი, სახელწოდებით ”მიყვარხარ, ბაბუ” დაამშვენებს.
”აქ არის მთელი 50 წლის მანძილზე შექმნილი ნამუშევართა ნაწილი, ყველას გამოტანა, ცხადია, ვერ მოვახერხე, რადგან სხვადასხვა ფონდებში, ზოგიც კერძო საკუთრებაშია. ეს კი გახლავთ გრანიტში შესრულებული ნამუშევარი, რომელიც ბაბუებს ვუძღვენი”, – თქვა გამოფენის დასრულებისას ჟურნალისტებთან ვასილ მჟავანაძემ.
”ჩვენი გალერეის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, უპირველესად იმიტომ, რომ პირველად მოხდა მოქანდაკის მხრიდან ასეთი რეზონანსული, პერსონალური გამოფენის გაკეთება. ვულოცავ მას და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ” – გვითხრა ლია ურუშაძემ, ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრის – სურათების გალერეის ფონდების განყოფილების გამგემ.
გამოფენაზე ბათუმის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, ნინო ნიჟარაძე იმყოფებოდა.
”პირველ რიგში, ამ ღირსშესანიშნავ დღეს ოზურგეთს ვულოცავ. რადგან აქ მოღვაწე მოქანდაკე აკეთებს რეტროსპექტიულ პერსონალურ გამოფენას. ამ გამოფენაში ნათლად ჩანს მისი შემოქმედებითი გზა. უნდა გითხრათ, რომ დიდი სიამოვნებით დავთანხმდი მოწვევას. რადგან ჩვენ ერთი თაობის სტუდენტები ვიყავით სამხატვრო აკადემიაში. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, რათა გააგრძელოს თავისი საინტერესო შემოქმედებითი გზა” – აღნიშნა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს ნინო ნიჟარაძემ.