13 აგვისტოს, ოზურგეთში მუნიციპალიტეტის სოფლების ოზურგეთისა და ნასაკირალის საზღვარზე მომხდარი ავტოავარიის დროს, რის შესახებაც უკვე ვწერდით, ერთ-ერთ უბანში მსუბუქი ავტომანქანა, ამოყირავების შემდეგ, იქვე მცხოვრები მოქალაქის ეზოში გადავარდა.
_ამ ტყემლის ხემ ორი ახალგაზრა ბიჭის სიცოცხლე იხსნა. ტყემალი ძლიერი მერქანის მქონე მცენარეა და ადვილად არ ტყდება. ღმერთმა დაიფარა, _ გვითხრეს აქ მცხოვრებლებმა, როცა ადგილზე მივედით.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოზურგეთის პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
გვითხრეს, რომ ავტომანქანა ხის ვარჯსა და ტოტებში ისე იყო გაჭედილი, შიგ მყოფი ბიჭების ამოყვანა გაჭირვებით მოხერხდა.
უფრო უარესი, ფატალური შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო, თუ ხე მოტყდებოდა_ სამიოდე მეტრში, დაბლა, ოჯახის პატარა ტბაა, რომელიც, ეტყობა, პატრონს საგანგებოდ აქვს მოწყობილი.
_იმ წყალში რომ ასე ცხვირით ჩარჭობილიყო ეს მანქანა, ხომ დაიხრჩობოდნენ. ეს რა უბედურებას გადავრჩით. მანქანას ვინ დაეძებს – ღელავდნენ ადგილობრივები.
როგორც შემდეგ დავაზუსტეთ, ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდათ.
თუ როგორია დღეისთვის ორი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახლობლები ამბობენ, რომ მათ მოტეხილობები არ აქვთ, მცირე დაზიანების გარდა, არ დასჭირდათ საავადმყოფოში გადაყვანა და სასწრაფო დახმარების მანქანა უკან წავიდა.
შსს პრესსამსახურიდან, მომხდარის შესახებ, „გურია ნიუსთან“ ასეთი კომენტარი გააკეთეს:
„ამ ავარიის დროს მძიმედ არავინ დაშავებულა და არც საავადმყოფოშია ვინმე გადაყვანილი. გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეორე ნაწილით“.