ოზურგეთში, გასულ კვირაში შეჩერებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება დღეს გაგრძელდა.
როგორც “გურია ნიუსს“ კლინიკა “მედალფას” დირექტორმა დათო მდინარაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე 7 ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 7 ადამიანიდან ორი მათგანი 80 წლის მამაკაცი იყო.
თეიმურაზ თავაძემ 38 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმსახურა, არის პოლკოვნიკი და ომის ვეტერანი. ის ამ ეტაპზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
თეიმურაზ თავაძე: შეიძლება ითქვას, რომ თბილისს გამოვექეცი და ახლა მშობლიურ გურიაში ვარ. ისეთ ასაკში ვარ, რომ ვიფიქრე, დავიზღვევ თავს-მეთქი და ასედაც მოვიქეცი. არავითარი გართულებები არ მქონია. მივედი და ყველანაირი წესების დაცვით მოხდა აცრა. ბევრს ეშინია ამ აცრის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არაფერი საშიში არ არის. ასე რომ, ყველას ვურჩევ, გაიკეთოს აცრა.
“გურია ნიუსი“ ასევე დაუკავშირდა 80 წლის ჰამლეტ გოგეშვილს. ის სპეციალობით გეოლოგია და წლების განმავლობაში მაღაროთა სამმართველშო მუშაობდა.
“ბოლო პერიოდში ხშირად ვუყურებ და ვეცნობი ინფორმაციას სამედიცინო თემებზე. ერთი რამე მინდა გითხრათ _ ბავშვი რომ იბადება, ყველაზე მაღალი იმუნიტეტი მაშინ აქვს. წლების გასვლასთან ერთად ეს იმუნიტეტი სუსტდება და რაც სუსტდება, ის უფრო დაუცველია. ეს ვირუსი დიდხანს არ მოგვცილდება თუ მის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავიკეთებთ. მუდამ შიშში ყოფნას, ჯობია ვაქცინა გავიკეთოთ და ამით იმუნიტეტს გავაძლიერებთ.
მე ასაკიანი ვარ და მუდამ შიშის ქვეშ ვერ ვიქნებოდი, ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე, რეგისტრაცია გავიარე და დღეს გავიკეთე ვაქცინა. თავს ვგრძნობ კარგად და მშვიდად”.