“ქართული ოცნების” ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ მერაბ ჭანუყვაძემ, ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, მესამე მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი წევრობის კანდიდატი დავით მდინარაძე დღეს ოფიციალურად წარადგინა.
_ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არჩევნებში წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც თითოეული ოზურგეთელი კარგად იცნობს. დავით მდინარაძეს აქვს განსაკუთრებული პროფესია, რითაც ის ძალიან ბევრი ოჯახის მეგობარია. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანის გვერდში დგომით, ჩვენ ავირჩევთ ღირსეულ კანდიდატს, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ოზურგეთის წარმომადგენლობით ორგანოში, _ მიმართა ჭანუყვაძემ პარტიის წინ შეკრებილ ოზურგეთელებს.
მმართველი გუნდის კანდიდატმა “ქართულ ოცნებას” და თანაპარტიელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:
“მზად ვარ არჩევის შემთხვევაში, აქტიურად ჩავერთო საკრებულოს საქმიანობაში და თქვენთან ერთად, ვუპასუხო ყველა გამოწვევას. გულწრფელი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის,“ _ აღნიშნა მდინარაძემ.